ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ურთიერთობის როგორც დადებით ასპექტებს, როგორიცაა მოწონება, შექება, წახალისება, ასევე – უარყოფითსაც: საყვედური, აკრძალვა, დასჯა. წახალისება და დასჯა აღმზრდელობითი პროცესის ერთგვარი ბერკეტებია.
რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა? ეს არის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც კარგად მუშაობს ნებისმიერ ბავშვთან, განურჩევლად მისი ასაკისა, ტემპერამენტისა, ხასიათისა თუ გამოცდილებისა. პოზიტიური აღზრდა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ბავშვზე ზემოქმედების ყველაზე მართებული საშუალება არის წახალისება. ეს შეიძლება იყოს მოწონება, შექება, ნდობის გამოხატვა და სხვა. წახალისება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა, რადგან ის ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, თუ რომელი ქცევაა სასურველი, მაშინ როცა დასჯა მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რომელი ქცევაა არასასურველი.
სამწუხაროდ, უმეტესად ასე ხდება: როცა ბავშვი კარგად იქცევა, უფროსები მას ყურადღებას არ ვაქცევთ, ხოლო როცა ის ცუდად იქცევა – ვსჯით.
თუ კარგი მშობლობა გსურთ:
• შეეცადეთ, ყოველთვის წაახალისოთ კარგი ქცევა, სწრაფად და ხშირად – ღიმილით, სიტყვით, ხელის ალერსიანი შეხებით, ჩახუტებით, – როცა ის მონდომებით რეცხავს თავის თეფშს, შეხსენების გარეშე ამზადებს გაკვეთილებს, სიხარულით ეთამაშება უმცროს ძმას ან დას და სხვა. შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა და თქვენი სიხარულიც გამოხატეთ.
• წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა. მიეცით მას სამყაროს შეცნობის, აღმოჩენების გაკეთების საშუალება. ამასთან, შეუთავსეთ ბავშვის დამოუკიდებლობა მის შესაძლებლობებს. ასევე, ერთმანეთთან შეათავსეთ თქვენი მხრიდან დახმარების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლობის წახალისება.
• ასაკის შესაბამისად, შვილთან თქვენი სიყვარული ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც გამოხატეთ: ხელში აიყვანეთ, მიიხუტეთ, მოეფერეთ, ალერსიანად მიმართეთ. ბავშვისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
• ეცადეთ, შექება ყოველთვის გაცილებით სჭარბობდეს საყვედურებს.
ბავშვის ფიზიკურ დასჯას გარკვეული საფრთხეები ახლავს:
• ბავშვები ტკივილთან ერთად გრძნობენ წყენას, სიბრაზეს და იღებენ ემოციურ ტრავმას; მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე.
• ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სწავლობენ როგორ აიცილონ ცემა, სწავლობენ ტყუილის თქმას და განცდების დამალვას, რაც ის არ არის, რისი წახალისება მშობელს სურდა.
დასჯაც და წახალისებაც ერთ საბოლოო მიზანს უნდა ემსახურებოდეს – შვილის კეთილდღეობას! ერთიც და მეორეც მშობლიური სიყვარულით და ზრუნვით უნდა იყოს ნაკარნახევი.
კომენტარები: