ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ერთგვარი ფუნდამენტია, სადაც მისი მენტალური თუ ფიზიკური სიჯანსაღე ყალიბდება. როგორია ბავშვის მიმართ სწორი მიდგომა და დამოკიდებულებების რა ზღვარი უნდა დავიცვათ, რომ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მომავალი თაობა მივიღოთ? ეს გახლდათ მთავარი საკითხი, რომლზეც ექიმ პედიატრმა ქეთი ჭელიძემ ისაუბრა.
– ბავშვის განვითარება რამდენიმე ეტაპად განიხილება. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი 6 წლამდე პერიოდი, როცა საფუძველი ეყრება მის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს. ჩვენ გვაინტერესებს ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორები? პირველ ეტაპზე, ანუ სამ წლამდე, მისი ფიზიკური განვითარებისთვის ყურადღება ძუძუთი კვებას უნდა მივაქციოთ. გარდა ჯანმრთელობისა, ამით ბავშვს ინფექციებისგანაც ვიცავთ.
ბევრი კვლევაა, სადაც განიხილავენ ამ საკითხს და შედეგად პროფესიონალები საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ. ძუძუთი კვებით აუტიზმის განვითარებაც შეიძლება თავიდან ავიცილოთ. დედის რძით გაზრდილ ბავშვებს დიაბეტიც ნაკლებად უვითარდებათ.
თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ ერთ წლამდე ბავშვს ცალკე ოთახიც არ უნდა გამოვუყოთ. დედასთან ფიზიკური კონტაქტი და სიახლოვე მას დაცულობის და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. ანუ ახალი მიდგომებით ერთ წლამდე ბავშვი სასურველია თუ ოთახში მშობლებთან ერთად დაიძინებს. რაც შეეხება კვების რაციონს, 6 თვიდან ძუძუსთან ერთად ექიმი ნიშნავს შერეულ დანამატებს. თუკი არ არის ძუძუთი კვების შესაძლებლობა, მაშინ ბავშვს, იგივე პოზაში, ხელში აყვანილს უნდა შევთავაზოთ საკვები.
ისევ დედასთან ახლო კონტაქტის გამო. მათ ემოციურ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამ წლამდე ბავშვი ფასტ-ფუდს რომ უნდა მოვარიდოთ, ამაზე საუბარიც არ უნდა გვიხდებოდეს. რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა იყოს ჩართული. სასურველია თუ სამ წლამდე ბავშვს ტკბილეულს, მათ შორის კანფეტებსაც ავარიდებთ. იგივე ითქმის გაზიან სასმელებზე. დაშაქრული პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვის ორგანიზმისთვის. სითხის სახით შეგვიძლია ახლად დაწურული წვენების შეთავაზება მისთვის.
კომენტარები: